წინამდებარე კურსის მიზანია, მისცეს მომავალ ლიტერატურათმცოდნეებს სიღრმისეული ცოდნა ლიტერატურის შედარებითი კვლევის ძირითადი პრინციპებისა და კატეგორიების შესახებ. კურსის ფარგლებში სტუდენტები გააცნობიერებენ, რომ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა დიალოგური დარგია, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ლიტერატურული ტექსტების (ტრანს)ისტორიულ, ჟანრობრივ, თემატურ, ენათშორის მიმართებებს, არამედ მიმართებებს ლიტერატურულ ტექსტსა და ისტორიულ, პოლიტიკურსა და სოციალურ კონტექსტებს შორის, ასევე მიმართებებს ლიტერატურულ ტექსტსა და კულტურებს (ინტერკულტურულობა / ტრანსკულტურულობა), ლიტერატურულ ტექსტსა და ხელოვნების სხვა დარგებს / მედიებს (სახვითი ხელოვნება, კინოხელოვნება, მუსიკა, ჰიპერტექსტი) შორის. სალექციო შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ლიტერატურათმცოდნეობით კომპარატისტიკაში დამკვიდრებულ შემდეგ მიდგომებზე: გავლენისა და რეცეფციის თეორიები, დიალოგურობისა და ინტერტექსტუალობის თეორიები, ლიტერატურული ჟანრების თეორია, თემატოლოგიური და იმაგოლოგიური მიდგომები, ლიტერატურული თარგმანის თეორია, დისკურსის თეორია, ინტერმედიალობის თეორია. ხოლო სასემინარო პრეზენტაციებისა და დისკუსიის ფორმატში სტუდენტები დაეუფლებიან შედარების გენეტიკურსა და ტიპოლოგიურ მეთოდებს და გამოიყენებენ მათ იმისთვის, რათა გაარკვიონ ტექსტებს შორის (და ასევე ტექსტებსა და სხვა მედიებს შორის) არსებული ეკვივალენტური და კონტრასტული მიმართებები და წარმოჩენილი მსგავსებებისა და განსხვავებების საფუძველზე განახორციელონ ლიტერატურული ნაწარმოებების ინტერპრეტაცია.