მოცემული კურსის მიზანია, შეუქმნას სტუდენტებს წარმოდგენა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და კულტურის კვლევების საერთო მიზნებისა და ამოცანების შესახებ, გააცნოს მათ კულტურის კვლევების წარმოქმნისა და განვითარების ისტორია, გააცნობიერებინოს მათ კულტურის - როგორც ჰუმანიტარული მეცნიერებების ძირითადი საკვლევი ობიექტის - კომპონენტების/კატეგორიების (ნიშანი, ხატი, მედია, ტექსტი, პერფორმანსი, სხეული, იდენტობა, გენდერი, დრო, მეხსიერება, სივრცე, უცხო/სხვა) კვლევის მნიშვნელობა და თავისებურებები. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან კულტურის კვლევების დარგებს/მიმართულებებს - კულტურის სემიოტიკა, მედიათა კულტურის კვლევები, კულტურის ანთროპოლოგია, ისტორიული ანთროპოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია,  კულტურის სოციოლოგია და სუბკულტურის კვლევები, იდენტობის კვლევები, გენდერის კვლევები, კულტურული მეხსიერების თეორია, კულტურათშორისი და პოსტკოლონიური კვლევები, - და გააცნობიერებენ ამ დარგებს შორის ურთიერთკავშირს. მიღებული ცოდნა დაეხმარება სტუდენტს ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად, საკვლევი პრობლემების გამოსაყოფად და დაგეგმილი კვლევისთვის ადეკვატური თეორიული ჩარჩოს შესარჩევად.

კურსის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ თეორიული ცოდნა ქართული კულტურის კონკრეტული წარმონაქმნის (არტეფაქტის, მენტეფაქტის, გამოსახულების, ტექსტის, მედია-პროდუქტის, რეკლამის, წეს-ჩვეულების / ადათის, რიტუალის, ისტორიული მოვლენის, სუბკულტურის, იდენტობის, გენდერული და სხვა კულტურული კონსტრუქციების) გასაანალიზებლად და თავიანთი დაკვირვების შედეგების წარმოსადგენად სასემინარო დისკუსიის ფორმატში.