მოცემული კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები და ამ პერიოდში შექმნილი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებები.

ლექციებზე სტუდენტები გაეცნობიან იმ ისტორიულ, კულტურულსა და მსოფლმხედველობრივ კონტექსტს, რომელშიც შეიქმნა ამ პერიოდის გერმანულენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ლექციებზე წარმოდგენილი იქნება ასევე ამა-თუ-იმ ლიტერატურული მიმდინარეობის / ეპოქის ესთეტიკური და ჟანრობრივი თავისებურებები, მნიშვნელოვანი მწერლების შემოქმედებითი გზა და პოეტოლოგიური მრწამსი.

სემინარებზე გაანალიზდება იმავე ეპოქებში შექმნილი ტიპური, ინოვაციური ან რაიმე სხვა ნიშნით საყურადღებო ნაწარმოებების მხატვრული სპეციფიკა, სახელდობრ, განხილვის საგანი იქნება წინასწარ შერჩეული ლიტერატურული ტექსტების ჟანრობრივი, სტილური, თემატური, სტრუქტურული, კომპოზიციური და სხვა ასპექტები. ამასთან, ყურადღების ცენტრში მოექცევა, ერთი მხრივ, ადამიანის რეპრეზენტაცია და მისი ტრანსფორმაცია სხვადასხვა მიმდინარეობის გერმანულენოვან მწერლობაში (მოსამართლე, ჯარისკაცი, ნონკონფორმისტი, მწარმოებელი, ფემინისტი, ოსტატი, დამნაშავე), და მეორე მხრივ, ლიტერატურული ტექსტების მიმართება შესაბამისი ეპოქების მსოფლმხედველობრივსა და ღირებულებათა სისტემასთან (ტექსტის იდეოლოგიური, ფორმალური, ონტოლოგიური ან სემიოტიკური ემანსიპაციის ხარისხი).